logo
ENG



"შემაშფოთებელია" - EU-ის სპიკერი საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტზე

21 თებ 202316:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/21/2vcv410b1y11wh1.jpg

ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს, რომლის შინაარსსაც ქართული ოცნება მხარს უჭერს, შემაშფოთებელს უწოდებს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთთან ისაუბრა. 

"შემაშფოთებელია "ხალხის ძალის" მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე, საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია", - აცხადებს სტანო.

ევროკავშირის სპიკერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და საქართველოს მიერ ხელმოწერილ პაქტზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის დარღვევაც იქნებოდა გაერთიანების უფლების შეზღუდვა.

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა. საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ის უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის", - თქვა სტანომ.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.

სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას


close დახურვა